logo
ENG



"მკვლელობა ეთნიკური ნიშნით არ მომხდარა" - სააპელაციოს გადაწყვეტილება საფაროვის საქმეზე

16 თებ 202313:16
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უფლებადამცველის ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც საფაროვის მკვლელობა ეთნიკური ნიშნით მოხდა, არ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, მსჯავრდადებულების ადვოკატები ამბობდნენ, რომ ავთანდილ კანდელაკიშვილს საფაროვისთვის არ მიუყენებია სასიკვდილო ჭრილობა, ხოლო გიორგი სოხაძემ პასუხი უნდა აგოს მხოლოდ პოლიციიისთვის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, რადგან მას უფლებამდაცველი არ მოუკლავს.

"პალატამ დაადგინა, ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები, არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული 2019 წლის გამამტყუნებელი გადაწყვეტილება ავთანდილ კანდელაკიშვილის და გიორგი სოხაძის მიმართ დარჩეს უცვლელი. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან ამოირიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „“ ქვეპუნქტი", - თქვა მოსამართლე ვეფხია ლომიძემ. 

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. 

25 წლის უფლებადამცველი 2018 წლის 30 სექტემბერს, დიუმას ქუჩაზე, კაფე-ბართან მოკლეს. ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ საფაროვი ეთნიკურ ნიადაგზე განზრახ, ჯგუფურად მოკლეს. დაცვის მხარე კი ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ მკვლელობას ეთნიკური მოტივი არ ჰქონია.

2019 წლის 27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული ავთანდილ კანდელაკიშვილი და გიორგი სოხაძე დამნაშავედ ცნო განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში, თუმცა ბრალდებულებს მოუხსნა მკვლელობის მოტივი - რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობა. მათ 15-15 წელი მიესაჯათ. 

2019 წლის სასამართლო პროცეზე საქმის მოწმეებმა განაცხადეს, რომ მათ ერთ-ერთი მსჯავრდებულისგან, კერძოდ გიორგი სოხაძისგან, დაპირისპირების დროს, გაიგონეს ფრაზა, რომელიც მათი მტკიცებით, სოხაძემ ავთანდილ კანდელაკიშვილს უთხრა: "მოკალი, მაგის ებრაელი დედაო". ამასთან, სასამართლოზე მისული ყველა მოწმე, ბრალდებულებს ახასიათებდნენ როგორც უცხოელების მოძულეებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ "საქართველო მხოლოდ ქართველებისთვისაა".

ვიტალი საფაროვის მკვლელობა უპრეცედენტო საქმედ ითვლება, რადგან ამ მუხლით - ეროვნული შეუწყნარებლობის მოტივით ადამიანის მკვლელობის საქმეზე საქართველოში სასამართლო პროცესები აქამდე არ წარმართულა.

 

 

 

 

 

 


close დახურვა